კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ბოლოდროინდელი წარუმატებლობა პოლიტიკური ნების ნაკლებობას უკავშირდება-UNCAC-ის კოალიციის ანგარიში

სიახლეები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა 15 ივნისი 2023

გაეროს კორუფციის წინააღდეგ კონვენციის (UNCAC) კოალიციის ფარგლებში ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მიერ მომზადებული ანგარიშის მიხედვით, რამდენიმე გამონაკლისის გარდა საქართველოს ეროვნულ კანონმდებლობაში უმეტესწილად დანერგილია კორუფციის პრევენციისა და მიტაცებული აქტივების დაბრუნების (asset recovery) შესახებ დებულებები (UNCAC-ის II და V თავები),  თუმცა ანგარიშში ასევე ხაზგასმულია, რომ ანტიკორუფციული აქტივობები ბოლო წლებში შენელებულია ხოლო ზოგიერთ სფეროში საერთოდ არ ხორციელდება. საქართველოს წარმატება კორუფციასთან ბრძოლაში აღიარებულია  საერთაშორისო დონეზე; თუმცა, ბოლო ორი წლის განმავლობაში აშკარად შეინიშნება პროგრესის შენელება, განსაკუთრებით პოლიტიკის ფორმირების თვალსაზრისით. ანგარიში წარმოადგენს UNCAC-ის განხორციელების შეფასების მეორე ეტაპის შემადგენელ ნაწილს და მომზადებულია UNCAC-ის კოალიციის ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით.

 

საქართველოს ანტიკორუფციული სისტემის მიმოხილვა (კორუფციის პრევენციისა და მიტაცებული აქტივების დაბრუნების შესახებ UNCAC-ის II-ე და V-ე თავები)

 

საქართველოში არსებობს ანტიკორუფციული ორგანოები და პოლიტიკა, თუმცა მათი ეფექტიანობა კითხვის ნიშნის ქვეშ არის. მაღალი დონის კორუფცია კვლავ რჩება ქვეყნის სერიოზულ გამოწვევად. მიუხედევად იმისა, რომ რეგულაცია გაუმჯობესდა, საჯარო დაწესებულებებში კვლავ რჩება ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებული ხარვეზები. საჯარო დაწესებულებებში არსებობს მამხილებელთა არხები, მაგრამ ამის შესახებ საჯარო მოხელეები ნაკლებად ინფორმირებულები არიან.

 

UNCAC-ის V თავის განხორციელების კუთხით, საქართველოს ფინანსური დაზვერვის (მონიტორინგის) სამსახური ავლენს ოპერატიულ დამოუკიდებლობას, მაგრამ არ გააჩნია ადეკვატური ადამიანური რესურსი. ქვეყანაში სათანადოდ არ ხდება ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული კორუფციის ფაქტების გამოძიება. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს საკანონმდებლო ბაზა რომელიც არეგულირებს მიტაცებული აქტივების დაბრუნების პროცედურებს და სხვა სახელმწიფოების უფლებებს საქართველოს სასამართლოებში, აღსანიშნავია ამ მხრივ საერთაშორისო თანამშრომლობის შემთხვევებზე ხელმისაწვდომი ინფორმაციის ნაკლებობა.

 

საქართველოში გაეროს კორუფციის წინააღდეგ კონვენციის (UNCAC) განხორციელების - შეფასების ოფიციალური პროცესი 2018 წელს უნდა დაწყებულიყო, მაგრამ მნიშვნელოვნად შეფერხდა. სამთავრობო ექსპერტთა სია არის ერთადერთი დოკუმენტი, რომელიც ხელმისაწვდომია საქართველოს გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროს ქვეყნის პროფილის გვერდზე, ხოლო თვითშეფასების დოკუმენტი  IDFI-მ მოიპოვა ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კამპანიის მეშვეობით. შემფასებელი ქვეყნების, ჩრდილოეთ მაკედონიის და მალაიზიის წარმომადგენელთა ვიზიტი დაგეგმილი იყო 2022 წლის ბოლოს/2023 წლის დასაწყისში(ზუსტი თარიღი ამ ეტაპზე უცნობია). ასევე გაურკვეველია ჩაერთვება თუ არა სამოქალაქო საზოგადოება განხილვის პროცესში.დეტალური მიგნებებისთვის იხილეთ IDFI-ის  სრული პარალელური ანგარიში ინგლისურად

 

ანტიკორუფციული ორგანოები და პოლიტიკა

 

2008 წელს საქართველოში შეიქმნა კორუფციასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, ხოლო 2008-2018 წლებში შემუშავდა  ანტიკორუფციული პოლიტიკის სხვადასხვა დოკუმენტები. საბჭოს ფარგლებში და პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების პროცესში უზრუნველყოფილი იყო სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობა, თუმცა მათ არ ქონდათ პროცესებზე არსებითი გავლენა . ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმები და სტრატეგიები გამოქვეყნდა იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ ვებ გვერდზე (ქართულ ენაზე).

 

2020 წლის შემდეგ პრევენციული ანტიკორუფციული ფუნქციები გადავიდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დაქვემდებარებაში. თუმცა, ბოლო ორი წლის განმავლობაში ადმინისტრაციას არ შეუმუშავებია არანაირი პოლიტიკის დოკუმენტი. ასევე,  2019 წლიდან არ ჩატარებულა ანტიკორუფციული საბჭოს (ACC) შეხვედრა ხოლო უმოქმედობის ფონზე, მისი სამდივნო მხოლოდ ფორმალურ სახით არსებობს.

 

საქართველოს ახალი კანონი „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ ძალაში შევა 2023 წლის 1 სექტემბრიდან. აღსანიშნავია, რომ ახალი კანონი ითვალისწინებს დამოუკიდებელი  ანტიკორუფციულ ბიუროს შექმნას, რომელსაც ექნება ანტიკორუფციული პოლიტიკის შემუშავების, ასევე, თანამდებობის პირთა  ქონებრივი დეკლარაციების გამოქვეყნებისა და მონიტორინგის ფუნქციები. ამასთან, ბიურო განახორციელებს პოლიტიკური პარტიების, საარჩევნო სუბიექტებისა და დეკლარირებული საარჩევნო მიზნის მქონე პირების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგს. გარდა ამისა, ბიურო შეიმუშავებს მამხილებელთა ონლაინ პორტალს და წელიწადში ერთხელ ანგარიშს წარუდგენს საქართველოს პარლამენტს, პერიოდულად კი საქართველოს - ანტიკორუფციულ საბჭოს.

 

საჯარო სექტორში დასაქმება

 

2017 წელს მიიღეს „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონი, რაც მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯი იყო საჯარო სამსახურის ფარგლების განსაზღვრასა და საჯარო მოსამსახურეთა დამსახურებაზე დაფუძნებული შეფასების სისტემის ჩამოყალიბების კუთხით. ჩამოყალიბდა საჯარო მოხელეთა პროფესიული კარიერის განვითარების სისტემა, ასევე დამატებითი მონიტორინგის მექანიზმის სახით, შემუშავდა პროფესიული განვითარების აკრედიტებული პროგრამების რეიტინგი. თუმცა, ახალი კანონით გათვალისწინებული მექანიზმების პრაქტიკაში გამოყენება ყოველთვის სათანადო დონეზე არ ხდება. 

 

„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი არ ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა იურიდიულ პირზე, რის შედეგადაც საჯარო დაწესებულებების ცალკეული კატეგორიები რეგულაციის მიღმა რჩება. OECD-ის ანტიკორუფციული ქსელის მიერ გამოწვევად დასახელდა  საჯარო სამსახურში თანამდებობის პირების პოლიტიკური გავლენებისა და კორუფციის პრევენციის საკითხი. საქართველომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა, მაგრამ კვლავ რჩება მრავალი გამოწვევა. ერთერთი რეკომენდაცია ეხებოდა მუდმივი საშტატო პოზიციის შექმნას გადაწყვეტილების მიმღებ საჯარო მოხელეებისთვის.

 

პოლიტიკური დაფინანსება

 

საქართველოში პოლიტიკური დაფინანსება მკაცრად და ყოვლისმომცველად რეგულირდება ორგანული კანონმდებლობით, რომელიც იერარქიით უფრო მაღლა დგას, ვიდრე კანონი. კანონმდებლობა პოლიტიკური დაფინანსების შესახებ ზუსტად ადგენს შემოწირულობის განხორციელების წესებსა და საფუძვლებს: აკრძალულია ნებისმიერი ანონიმური, საეჭვო ან საერთაშორისო შემოწირულობა. ეს ეხება სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად სუბიექტებსაც, რომლებსაც ეკრძალებათ პოლიტიკური პარტიებისთვის, კანდიდატებისთვის ან კამპანიებისთვის როგორც ფინანსური ასევე მატერიალური შემოწირულობის გაკეთება.

 

პოლიტიკური დაფინანსების გამჭვირვალობასა და კანონთან შესაბამისობის  მონიტორინგს ახორციელებს საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახური, რომელიც განსაკუთრებით არაეფექტურია სავარაუდო პოლიტიკური კორუფციის შემთხვევებზე რეაგირებისას. სამსახურის ხელმძღვანელობა რამდენიმე წელია განმარტავს, რომ პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის ფუნქცია შეუთავსებელია მის ძირითად საქმიანობასთან და ატარებს რეპუტაციულ რისკებს, გარდა ამისა, ამჟამინდელი მანდატით უწყებას არ გააჩნია შესაძლო პოლიტიკური კორუფციის შემთხვევების გამოსაძიებლად შესაბამისი ბერკეტები და რესურსები. 

 

ქცევის კოდექსები, ინტერესთა კონფლიქტი და ქონებრივი დეკლარაციები

 

ქცევის კოდექსები, ინტერესთა კონფლიქტი და ქონების დეკლარაციები რეგულირდება ეროვნული კანონმდებლობით: შემუშავებულია საჯარო მოხელეების ქცევის კოდექსები, განსაზღვრულია დამსახურებაზე დაფუძნებული დაწინაურების პირობები და გათვალისწინებულია უწყვეტი ტრენინგის პროგრამები. ამავდროულად, გამოწვევად რჩება საჯარო სამსახურის დაცვა პოლიტიკური გავლენისგან. არსებული საერთო ეთიკის კოდექსი ვერ უზრუნველყოფს ყველა დაწესებულების ინდივიდუალურ მიდგომას და საქართველოში საჯარო დაწესებულებების უმეტესობას არ გააჩნია საკუთარ სპეციფიკაზე მორგებული ეთიკის კოდექსი.

 

2022 წლის დეკემბრის ბოლოს, ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის გამოქვეყნებისა და მონიტორინგის სისტემა საჯარო სამსახურის ბიუროდან გადაეცა ახლად შექმნილ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ანტიკორუფციულ ბიუროს. სისტემა მთლიანად ორიენტირებულია დეკლარაციებში მოცემული მონაცემების სიზუსტისა და სისრულის გადამოწმებაზე, მაგრამ პირდაპირ არ ავლენს და არ ახდენს  ინტერესთა კონფლიქტის და კორუფციასთან დაკავშირებულ სამართალდარღვევების პრევენციას.

 

მამხილებელთა დაცვა

 

საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელმაც დაარეგულირა მამხილებელთა დაცვა საკანონმდებლო დონეზე, შექმნა საჩივრებისა და მამხილებელთა სისტემა, რომელიც აძლიერებს ქვეყანაში ანტიკორუფციულ მექანიზმებს. მიუხედავად ამისა, ამ სისტემას აქვს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობასთან დაკავშირებული ხარვეზები. მხილების საკომუნუკაციო ხაზის ადმინსტრირებას კვლავ საჯარო სამსახურის ბიურო ახორციელებს (2023 წლის 1 სექტემბრამდე), მაგრამ საჯარო მოხელეების ცნობიერება ელექტრონული პორტალის შესახებ დაბალია და საჯარო მოხელეების მიერ პლატფორმის გამოყენების მაჩვენებელი მინიმალურია.

 

2023 წლის 1 სექტემბრის შემდეგ, მამხილებელთა დაცვასთან და მხილების არხთან დაკავშირებული პასუხისმგებლობები გადაეცემა ანტიკორუფციულ ბიუროსა. აღსანიშნავია, რომ მამხილებელთა შესახებ საქართველოს კანონმდებლობა არ მოიცავს კერძო სექტორს, რაც ნიშნავს, რომ როგორც კერძო სექტორი, ასევე იმ დაწესებულებების საქმიანობა, რომლებიც არ ეკუთვნიან საჯარო სამსახურს, მაგრამ ახორციელებენ დელეგირებულ საჯარო უფლებამოსილებას (როგორიცაა სახელმწიფო საწარმოები), არ ექცევა ერთიან  მარეგულირებელ ჩარჩოში.

 

საჯარო შესყიდვები

 

საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სისტემა საჯარო სექტორის უმეტეს ნაწილს მოიცავს და გამჭვირვალედ მუშაობს. კონკურენტული შესყიდვებისგან გამონაკლისები შეზღუდულია და მკაფიოდ არის განსაზღვრული; თუმცა, პირდაპირი შესყიდვები პრაქტიკაში ხშირად გამოიყენება. ელექტრონული შესყიდვების სისტემა სათანადოდ ფარავს შესყიდვების ყველა პროცესს და ფუნქციას. შესყიდვებთან დაკავშირებული საჩივრები სათანადოდ განიხილება, და განმხილველი ორგანო მოქმედებს დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად.

 

მიუხედავად ამ მიღწევებისა, სამოქალაქო საზოგადოება  მიიჩნევს, რომ სახელმწიფო შესყიდვების სისტემას აქვს გამოწვევები სამართლიანობისა და გამჭვირვალობის თვალსაზრისით არაკონკურენტული შესყიდვების მაღალი მაჩვენებლის და სხვა ასპექტების ფონზე. შესყიდვების პროცესში კორუფციული დანაშაულების გამოძიების და ინტერესთა კონფლიქტის შეზღუდვების აღსრულების შემთხვევები მწირია. შესყიდვების ძირითადი მონაცემები და სტატისტიკა ქვეყნდება ონლაინ, მაგრამ მონაცემები  დამუშავებად ფორმატში არ განახლებულა 2019 წლიდან.

 

სახელმწიფო ფინანსების მართვა

 

საქართველოში დანერგილია ეროვნული ბიუჯეტის დამტკიცების მკაფიო, ზუსტი და გამჭვირვალე პროცესი , რომელიც ითვალისწინებს სამოქალაქო ჩართულობას. არსებობს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვის სისტემა. უზრუნველყოფილია შემოსავლებისა და ხარჯების დროული ანგარიშგება, გამოიყენება ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის სტანდარტები. მოქმედი კანონმდებლობით აქტიურად გამოიყენება რისკის მართვის სისტემები.

 

მიუხედავად ამისა, მაინც აღინიშნება სისუსტეები საჯარო ფინანსების მართვის სისტემაში უფრო ფართო თვალსაზრისით. არ არსებობს ხარჯების ეფექტიანობის შეფასების მექანიზმი, ხოლო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის როლი მინიმალურია სახელმწიფო ფინანსების მართვაში. მთლიანობაში, ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში პოლიტიკის დაგეგმვისა და ფინანსური მართვის სტრუქტურულ ერთეულებს შორის კოორდინაციის ნაკლებობაა და შესაბამისი სახელმწიფო აქტორები ვერ ახდენენ საზოგადოების გამოწვევებზე სათანადო რეაგირებას, როგორიცაა ჯანმრთელობის დაცვა და უმუშევრობა. გარდა ამისა, საზოგადოებაში დაბალია ცნობიერება ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში არსებული ჩართულობის მექანიზმების შესახებ.

 

ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და საზოგადოებრივი ჩართულობა

 

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის რეგულაციები საქართველოში 1999 წლიდან მოქმედებს. შესაბამის კანონში წლების განმავლობაში მცირე განახლებები შევიდა, თუმცა სათანადოდ მაინც არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. არ არსებობს დამოუკიდებელი კანონმდებლობა, რომელიც არეგულირებს ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, თუმცა მისი მიღების ვალდებულება 2013 წლიდან გათვალისწინებულია რამდენიმე საერთაშორისო დოკუმენტში, როგორიცაა OGP საქართველოს 2014-2015 და 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმები და 2014 წლის ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმება. ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება გათვალისწინებულია მთავრობის დადგენილებით, მაგრამ საჯარო დაწესებულებები სათანადოდ არ ასრულებენ ამ ვალდებულებას. 

 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი ახორციელებს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მონიტორინგს მთელი ქვეყნის მასშტაბით. IDFI-ის მიერ 2022 წელს ჩატარებული მონიტორინგის მიხედვით, ქვეყანაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვნად დაეცა. IDFI-ის მოთხოვნებზე პასუხების მაჩვენებელი (58%) 2022 წელს ყველაზე დაბალია 2010 წლის შემდეგ. 2013 წლიდან დამკვიდრებული იყო 80%-იანი კრიტიკული ზღვრის პრაქტიკა, რაც 2022 წლამდე წარმატებულად იყო შენარჩუნებული. ამ მიგნებების ამსახველ ანგარიშში ასევე ხაზგასმულია, რომ 2022 წელს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაჩვენებელი საჯარო დაწესებულებების უმეტეს კატეგორიებში შემცირდა, და სამინისტროები და მათი დაქვემდებარებული ორგანოები ხშირად უპასუხოდ ტოვებენ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნებს.

 

რაც შეეხება საზოგადოების ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში,  2022 წლამდე მოქმედი საკანონმდებლო ბაზით ეს სავალდებულო არ იყო. კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების არარსებობის მიუხედავად, წინა წლებში რამდენიმე საჯარო დაწესებულება გამოირჩეოდა კარგი პრაქტიკით და უზრუნველყოფდა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჩართულობას პოლიტიკის წარმოების პროცესში.

 

სასამართლო და პროკურატურა

 

სასამართლოსა და პროკურატურის კეთილსინდისიერების უზრუნველყოფის მიზნით, ეროვნული კანონმდებლობა ითვალისწინებს პრევენციული ღონისძიებების ფართო სპექტრს. მიუხედავად ამისა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის პრაქტიკა არ შეესაბამება ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებებისთვის (OSCE/ODIHR) ან ვენეციის კომისიის მიერ დადგენილ საერთაშორისო სტანდარტებსა და რეკომენდაციებს. სამოქალაქო საზოგადოება  ხშირად ხაზს უსვამსიმ ფაქტს, რომ სასამართლო სისტემა არ არის ბოლომდე დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი.

 

ხარვეზები გამოიკვეთა მოსამართლეთა შერჩევისა და დაწინაურების, ასევე სასამართლოს თავმჯდომარეების არჩევის პროცესებში: უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ირჩევს პარლამენტი და არა სასამართლო ორგანო. ასევე ზოგად და ბუნდოვან ხასიათს ატარებს საქართველოში პროკურორების დისციპლინალური პასუხისმგებლობისა და თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლები.

 

კერძო სექტორის გამჭვირვალობა

 

შიდა კანონმდებლობაში უკიდურესად დაბალია UNCAC-ის დებულებების შესრულების დონე კერძო სექტორის და მისი კორუფციის პრევენციასთან დაკვშირებული როლის თვალსაზრისით. კომპანიის რეგისტრაციის პროცედურა მარტივი და სწრაფია, ხოლო გამჭვირვალობის უზრუნველყოფის ვალდებულებები და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის რეგულაციები კვლავ გამოწვევად რჩება.

 

ანტიკორუფციული პოლიტიკის დოკუმენტები სრულად არ ფარავენ კერძო სექტორს, ანტიკორუფციულ სამოქმედო გეგმებში პრევენციული ღონისძიებების ნაკლებობა აღინიშნება. ამ სფეროში ერთ-ერთი მთავარი ხარვეზი იკვეთება ბენეფიციარი საკუთრების მიმართებით, ვინაიდან ბენეფიციარ მესაკუთრეთა რეესტრი ჯერ კიდევ არ შექმნილა. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, კომპანიები იყოფა ოთხ კატეგორიად, საიდანაც მხოლოდ სამია პასუხისმგებელი ბუღალტრული აღრიცხვის და აუდიტის ჩატარებაზე და ამ დოკუმენტების გამოქვეყნებაზე სპეციალურ პორტალზე რომელსაც ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური მართავს.

 

ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლა

 

საქართველოს ეროვნულ ბანკი ითავსებს საფინანსო ინსტიტუტებზე ზედამხედველობის ფუნქციებს და მისი საქმიანობის ხარისხი  დადებითად ფასდება. ბანკებისთვის, არასაბანკო ფინანსური ინსტიტუტებისთვის, ასევე ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის დაწესდა ფულის გათეთრების საწინააღმდეგო ყოვლისმომცველი მარეგულირებელი და საზედამხედველო რეჟიმი. ეს ჩარჩო მოიცავს ფულის გათეთრების ფაქტების  გამოვლენის და პრევენციის შესაბამის ინსტრუმენტებს. კერძოდ, მასში დეტალურადაა აღწერილი სხვადასხვა ტიპის კლიენტების მიმართ გამოსაყენებელი ზომები და ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციის, აღრიცხვისა და საეჭვო ტრანზაქციების შესახებ ანგარიშგების პროტოკოლი.

 

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური დამოუკიდებლად მოქმედებს, მაგრამ არ გააჩნია საკმარისი ადამიანური რესურსები. მოქმედი საკანონმდებლო ბაზის მიუხედავად, ფულის გათეთრების პოტენციური შემთხვევები სათანადოდ არ ვლინდება და გამოძიებული შემთხვევების რაოდენობა არ შეესაბამება პროგნოზირებულ დარღვევის შემთხვევებს.

 

მიტაცებული აქტივების დაბრუნება

 

მიტაცებული აქტივების დაბრუნების მხრივ საქართველოს სამართლებრივი ბაზა მიახლოვებულია UNCAC-ის შესაბამის დებულებებთან, თუმცა ამ რეგულაციების დანერგვის კუთხით საკმარისი ინფორმაციის და ღია მონაცემების ნაკლებობა აღინიშნება, რაც ამ პარალელური ანგარიშის ავტორებს არ აძლევს  ამ სფეროში ობიექტური შეფასების გაკეთების საშუალებას. 

 

საქართველოს კანონი საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ არეგულირებს უცხო ქვეყნის გადაწყვეტილებების აღიარებას. ქონების პირდაპირი აღდგენისა და კონფისკაციის პროცედურები რეგულირდება საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს კანონით საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ, საქართველოს სისხლის სამართლის, საქართველოს კანონით სააღსრულებო წარმოებათა შესახებ და რამდენიმე კანონქვემდებარე აქტით. სხვა სახელმწიფო დაინტერესებულ მხარეებს უფლება აქვთ მოითხოვონ საქართველოს სასამართლოების მიერ დანაშაულის აღკვეთის შედეგად ჩამორთმეულ აქტივებზე საკუთრების უფლების აღდგენა როგორც მესამე პირებს.

 

ძირითადი რეკომენდაციები

 

- მოხდეს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ამბიციური, მტკიცებულებებზე დაფუძნებული, ეფექტური პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავება.

 

- დამკვიდრდეს საჯარო დაწესებულებებში კორუფციის რისკების შეფასების პრაქტიკა.

 

- მოხდეს უფროსი საჯარო მოხელის (აღმასრულებელი მდივნის) თანამდებობების შემოღება, მკაფიოდ განსაზღვრული ადმინისტრაციული ფუნქციებით.

 

- ხელისუფლებამ მიიღოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შესახებ ახალი კანონი.

 

- შეიქმნას ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საზედამხედველო ორგანო. 

 

- შეიქმნას ბენეფიციარი საკუთრების რეესტრი, საჯარო, დროული და გადამოწმებული მონაცემებით ღია ფორმატში.

 

- გაუმჯობესდეს ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონი, „მბრუნავი კარის“ შემთხვევების მკაფიო რეგულაციებით.

 

- საჯარო უწყებების დაეკისროთ ინდივიდუალური ეთიკის კოდექსების შემუშავების და მათი აღსრულების მექანიზმების ჩამოყალიბების ვალდებულება.

 

- საჯარო უწყებებში დაინერგოს კეთილსინდისიერების რისკების შეფასების სისტემები. 

 

- გადაიხედოს მამხილებელთა შესახებ საქართველოს კანონმდებლობა და მოხდეს მისი საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა.

 

- მოხდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირების შესახებ“ საქართველოს კანონის სათანადო ფუნქციონირების უზრუნველყოფა.

 

- დაინერგოს ქვეკონტრაქტორების კეთილსინდისიერების ნორმები და ინტერესთა კონფლიქტის რეგულაციები.

 

- შეიქმნას სახელმწიფო შესყიდვებში გამარტივებული პროცედურების გამოყენებასთან დაკავშირებული მკაფიო შეზღუდვები.

 

- განხორციელდეს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების ყოვლისმომცველი ეროვნული რისკის შეფასება, ყველა შესაბამის ასპექტზე ყურადღების გამახვილებით. 

 

 

/public/upload/Analysis/FINAL-UNCAC-Parallel-report-Georgia-IDFI-UNCAC-Coalition-22-May-2023.pdf

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ღია სამთავრობო მონაცემების საჭიროებების კვლევა საქართველოში

22.04.2024

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024
განცხადებები

რუსული კანონის ჩაგდებამდე საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციები ვაჩერებთ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას

25.04.2024

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023